შემოგვიერთდი
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების შეხვედრა
 09.10.2020
  ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ტერასაში“, „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ საქართველოს ცამეტი პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებსა და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“ უმასპინძლა.
  შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ჯარას თაფლის წარმოების სწავლების ინტეგრირება პროფესიული სასწავლებლების მეფუტკრეობის საგანმანათლებლო პროგრამებში, რასაც „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყობს ხელს.
  შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ჯარას თაფლის წარმოებისა და ბიო სერთიფიცირების სახელმძღვანელოებს; ასევე, ჯარას თაფლისა და ქართული თაფლის პოპულარიზაციისთვის შექმნილ ვებ გვერდებსა და ქართული თაფლის სარეკლამო ვიდეოს.
  მიმდინარე წელს პროფესიულმა კოლეჯმა „ახალმა ტალღამ“ უკვე წარმატებით მოახდინა ჯარას სწავლების მასალების ინტეგრირება მეფუტკრეობის ერთწლიან პროგრამაში, რომელსაც ქობულეთისა და ხულოს ფილიალის 36 სტუდენტი გაივლის. „ახალი ტალღის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ჯარას სწავლების წარმატებული ინტეგრირების გამოცდილება გაუზიარეს.
  შეხვედრის დასაწყისში, გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონია „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებასა“ და „აგრო დუოს“ შორის, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას პროფესიული სასწავლებლების მეფუტკრეობის სწავლების გაუმჯობესებისა და ჯარას მასალების ინტეგრირების ხელშესაწყობად.
  ჯარა, ტრადიციული ველური მეფუტკრეობა, რომელიც უნიკალურ და სუფთა თაფლს აწარმოებს, იშვიათია და საქართველოს სუბტროპიკული და ალპური ზონის რამდენიმე სოფელშია შემორჩენილი. თუმცა, ბოლო ათწლეულების მანძილზე პირველად, ჯარას მეფუტკრეობას ახალი მეფუტკრეები იწყებენ და უბრუნდებიან ისინი, ვინც ადრე აწარმოებდნენ. „ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია“ ჯარას მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად 2018 წელს დაფუძნდა და პირველად საქართველოში, ოცდასამი ჯარას მეფუტკრე აჭარიდან ბიო სერთიფიცირებული გახდა. სწორედ 2018 წელს, ჯარას თაფლი კომერციულად პირველად შეგროვდა და შეიფუთა, მას შემდეგ ჯარას თაფლის ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რამაც მწარმოებლებს მისცა მოტივაცია მიეღოთ ბიო სერთიფიკატი და კიდევ უფრო გაეზარდათ წარმოებული თაფლის მოცულობა. ჯარას თაფლი მაღალი ხარისხის პროდუქტია, რომლის ერთი კილოს ფასი მაღაზიაში 90 ლარამდეა. ჯარას, როგორც კულტურული პროდუქტის დაცვის უზრუნველსაყოფად, ჯარას თაფლის ნიშანი საქპატენტში წელს დარეგისტრირდა. ასევე, შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტური ფილმი ‘ჯარა’, რომელიც ტყის ბინადარ ველურ ფუტკრებზე, ბუნების სილამაზესა თუ დაუნდობლობაზე, ადამიანებსა და მტაცებლებზე და მათ თანაცხოვრებასა თუ კონფლიქტზე გვიყვება.
სხვა სიახლეები
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების სამი წლის შემაჯამებელი შეხვედრა
22.12.2021
სრულად
საქართველოს მეფუტკრეთა გერთიანებას ახალი წევრები ჰყავს
07.10.2021
სრულად