შემოგვიერთდი
მეფუტკრე ფერმერები მომთაბარეობისთვის სპეციალურ საშვებს მიიღებენ
 24.04.2020

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ადვოკატირების შედეგად, ქართველი მეფუტკრე ფერმერები შეძლებენ სპეციალური საშვები მიიღონ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მომთაბარეობის განსახორციელებლად.

ქართული მეფუტკრეობა და მისი პროდუქტიულობა მომთაბარეობაზეა დამოკიდებული. გაზაფხულიდან მეფუტკრეები თავის საფუტკრეებთან ერთად იწყებენ გადაადგილებას იმის მიხედვით, თუ რა ტიპის თაფლის მიღება უნდათ, აკაციის, წაბლის, ალპური თუ სხვა. COVID19-ის პრევენციისთვის საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა სწორედ ფუტკრის მომთაბარეობის პერიოდს დაემთხვა. აპრილის დასაწყისში საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს წერილობით მიმართა.

„ჩვენ ვთხოვეთ მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს, რომ ეშუამდგომლა  შესაბამის ორგანოებთან მეფუტკრე ფერმერებისათვის სპეციალური საშვების გაცემასთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ  თავიანთ  საფუტკრეებთან  მისვლა  და  მუშაობა,  მოახერხონ  მთა-ბარობა  და,  საყოველთაო კარანტინის  პერიოდში,  საფუტკრეების  გადაადგილება  წინდაწინ  გაწერილი  მარშრუტით.  ვინაიდან საფუტკრეების გადაადგილება მხოლოდ ღამის საათებშია შესაძლებელი,“ - აცხადებენ მეფუტკრეთა გაერთიანებაში.

გაერთიანებამ სამინისტროს COVID19-ის გავრცელებასთან და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მათ მიერ მეფუტკრეებისთვის შემუშავებული რეკომენდაციებიც გაუგზავნა.

გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორის ავქსენტი პაპავას ინფორმაციით, სამინისტრომ მათი რეკომენდაციები გაითვალისწინა, ხოლო საშვებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოსთან გადაამისამართა. სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც გადაადგილების მსურველი მეფუტკრეები სპეციალური საშვის მისაღებად უნდა დაუკავშირდნენ გაერთიანებამ ონლაინ, ფეისბუქის გვერდებისა და ჯგუფების მეშვეობით გაავრცელა.

„საქართველოს  მეფუტკრეთა  გაერთიანება“  მზადაა ხელისუფლებასა და მეფუტკრეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს, რათა მეფუტკრეთა სეზონურ ქმედებებს არ მოყვეს არანაირი საშიშროება სამოქალაქო საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა პაპავამ.

სხვა სიახლეები
სოციალური რეკლამა ქართული თაფლისა და მეფუტრეობის თემატიკის შესახებ
21.10.2020
სრულად
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების შეხვედრა
09.10.2020
სრულად